დროას ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ქართული ოცნება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე რუსულ პროპაგანდას იყენებს.
დღევანდელ ბრიფინგზე ხოშტარიამ ირაკლი კობახიძისა და მმართველი პარტიის "4 მიზანმიმართულ ტყუილზე" ისაუბრა.
"მინდა გამოვეხმაურო ირაკლი კობახიძის და შესაბამისად ქართული ოცნების გუშინდელ მორიგ პროპაგანდისტულ თავდასხმას ჩვენს სახელმწიფოზე და ვამხილო მიზანმიმართულ ოთხ ტყუილში.
"პირველი ტყუილი - მთელი თავისი გამოსვლის განმავლობაში ირაკლი კობახიძე ცდილობდა, რომ მიზანმიმართულად დაეკნინებინა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მნიშვნელობა. ის საუბრობდა, რომ ამას არ მოჰყვება არანაირი კონკრეტული სარგებელი, რაც, რა თქმა უნდა, ჰგავს საფუძვლის შემზადებას ამ საკითხის ნიველირებისთვის და საფუძვლის შემზადებას უარის შემთხვევაში. ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ წასვლა.
მეორე ტყუილი - არის გამონათქვამი, რომ თითქოს ჩვენ ვასრულებთ ყველა ვალდებულებას და ვართ მოწინავე ქვეყანა ვალდებულებების შესრულების კუთხით. ჩვენ მოვისმინეთ არაერთი საერთაშორისო შეფასება, მათ შორის გუშინ ჰარცელის შეფასება, რომელმაც ჩამოთვალა კონკრეტულად, თუ რას არ ასრულებს საქართველო - ეს არის არჩევნები, 5 ივლისის ძალადობა, ჟურნალისტების უფლებები, სასამართლოს პრობლემა, ფარული მოსმენების და პირადი ცხოვრების ხელყოფა და რა თქმა უნდა, პოლიტიკური დევნა, რომელიც მოხდა ნიკას გვარამიას სრულიად უკანონო დაკავების შემთხვევაში.
მესამე ტყუილი - თუ ჩვენ არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესის არარსებობა. ეს არის მტკნარი ტყუილი. ევროკავშირი ჩვენ პირდაპირ გვეუბნება, დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთო. ისინი პატივს სცემენ ქართველი ხალხის სურვილს, თუმცა ამას სჭირდება კონკრეტული პირობები, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა არ ასრულებს.
მეოთხე ტყუილი - თითქოს მთელი ეს პროცესი და უარი, რომელიც იქნება თავიდან ბოლომდე ოცნების პასუხისმგებლობა დაკავშირებულია არეულობის ან ომის სურვილთან. ომის პარტია, ომის სურვილი, ომი იქნება - ეს არის რუსული პროპაგანდისტული იარაღი, რომ უარი გვათქმევინონ ჩვენს ფუნდამენტურ ინტერესებზე. ევროკავშირის პერსპექტივის რაიმე სახით დაკავშირება ომთან არის მიზანმიმართული ანტიდასავლური ნაბიჯი"- თქვა ხოშტარიამ.
გუშინ, 30 მაისს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრა.
კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირს არ აქვს არც ერთი მიზეზი, უარი თქვას საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
მით უმეტეს, თუ, როგორც კობახიძე ამბობს, კანდიდატის სტატუსს უკრაინას და მოლდოვას მიანიჭებენ.
ამასთან, მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, "რასაც მოჰყვება საზოგადოების მღელვარება, ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ომში საქართველოს ჩართვა".